უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების გეგმა ორთვიანია. 28 ნოემბრიდან დაიწყება და პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. რაც შეეხება შეზღუდვებს 28 ნოემბერიდან - 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
იზღუდება ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას განაგრძობენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით: აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას .
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება: ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას.
9. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.